საბა ლაზიშვილი, მერაბ დვალიშვილთან ერთად ეწვია არიელ ჰელვანის შოუს, სადაც მან ისაუბრა იმ ყველაფრის შესახებ, რაც მას ბოლო დღეებში თავს გადახდა.
"ტელეფონში რაღაცას ვუყურებდი, ვერც კი გავიაზრე, როდის მოვიდა უსმანი და ხელი გაარტყა მერაბს, ვერც კი დავინახე. ის პირველად ვნახე პირადად...სიმართლე გითხრათ, მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი. ყოველთვის ვქომაგობდი და მის ჩხუბებს ვუყურებდი. მისი საქციელი სრულიად მოულოდნელი იყო.
მერაბმაც კი გაიხედა უკან, ღიმილით - მან ხომ არ იცოდა, რა ელოდებოდა. ისეთი არაფერი გამიკეთებია, რასაც სხვა ქართველი კაცი არ გააკეთებდა. მსგავს სიტუაციაში ყველა ასე უნდა მოიქცეს. ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით ჩვენს ძმებს, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. უშუალოდ ჩხუბის დროს უბრალოდ ადრენალინს ვგრძნობდი.
ბევრს არ ვფიქრობდი, უბრალოდ ვაკეთებდი იმას, რაც სწორად მიმაჩნდა. იყო დეტალები, რაც კულისებს მიღმა დარჩა. არის მიზეზები, რის გამოც ამაზე ახლა ვერ ვილაპარაკებ. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ მათგან ასეთ ლაჩრობას არ ველოდი. მათი დიდი ქომაგი ვიყავი, ჩემს თვალში დიდი სპორტსმენები არიან, მაგრამ უბრალოდ არ მესმის, როგორ არიან ისეთები, როგორებიც არიან.
იმედია, გაიაზრებენ, რა გააკეთეს არასწორად და ღმერთი მათ აპატიებს. ყველაფერი მომირჩება, ეს სისხლჩაქცევებიც გაივლის, თუმცა როდესაც ვიღაცის მიმართ ძალიან დიდ პატივისცემას გრძნობ და პირველად ხვდები პირისპირ, იმის მიხედვით, თუ როგორი შთაბეჭდილებას დაგიტოვებს, ეს გონებაში სამუდამოდ გრჩება...მან კი ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.
როდესაც ციხიდან გამოვედით, ფეიბერთან ბრძოლა შემომთავაზეს, რასაც მაშინვე დავთანხმდი, ოღონდ, სიმართლე გითხრათ, თავიდან კითხვა კარგად ვერ გავიგე...თავში ბევრი ფიქრი მიტრიალებდა, მაგრამ მერე უკეთ გავიაზრე და კიდევ უფრო მეტად გამიხარდა. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო შანსი იყო.
არც მიფიქრია იმის თაობაზე, თუ რამდენად კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყავი, მზად ვიყავი თუ არა - ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებდი. სასტუმროში ჩხუბის შემდეგ სერიოზული ტვინის შერყევა მქონდა, რადგან თავში ბევრი დარტყმა მივიღე. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ერთდროულად განვიცადე.
ქვემოთ რომ ვიხედებოდი, თავბრუ მეხვეოდა. ციხეში ყინული არ გვქონდა, სახეზე რომ დამედო. აბუ დაბიში ჩასვლამდე, მოვიწამლე და დღემდე წესიერად ჭამა არ შემიძლია, მაგრამ მაშინ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა. იმ საღამოს არავისთან წავაგებდი, არც ფეიბერთან, არც სხვასთან. ჩემს საქმეს გავაკეთებდი.
მაშინაც კი, როდესაც ჭიდაობა დაიწყო, კლინჩში შესვლისას თავში რომ დამარტყა, მაშინვე ვიგრძენი, რომ ტვინის შერყევა ისევ მქონდა. გონების დაკარგვამდე ძალიან ცოტა მაკლდა, მაგრამ საკუთარ თავში ძალა მაინც ვიპოვე, რომ ბრძოლა გამეგრძელებინა. შერეული საბრძოლო ხელოვნებები? ამაზე 17 წლიდან ვფიქრობ, მაგრამ ჩემი ძმა სულ მეუბნებოდა: ჯერ ჭიდაობა ბოლომდე მიიყვანე, მეტი გამოცდილება დააგროვე.
ამის გარდა, მომეცა შესაძლებლობა, რომ ჭიდაობაში გამარჯვებები დამეგროვებინა. არ მინდოდა ამ სპორტიდან წესიერი მიღწევების გარეშე წავსულიყავი. ამიტომაც აქამდე ჭიდაობაზე ვიყავი ფოკუსირებული და შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში არ გადავსულვარ. ახლა კი ვფიქრობ, დროა", - განაცხადა ქართველმა მოჭიდავემ.















