ლივერპულში მეკარეების მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი. როგორც ცნობილია, ალისონ ბეკერის მომავალი კვლავ გაურკვეველია, ბრაზილიელი მეკარის შესაძლო წასვლა კი გიორგი მამარდაშვილის პერსპექტივაზეც პირდაპირ აისახება. ინგლისურ კლუბში კარგად ესმით, რომ ქართველს ძირითად შემადგენლობაში რეგულარული სათამაშო დრო სჭირდება.
დღევანდელი მოცემულობით, თუ ალისონი ლივერპულში დარჩენას კიდევ ერთი წლით გადაწყვეტს, მამარდაშვილი, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში ბრაზილიელის დუბლიორის როლს დასთანხმდეს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მისი წასვლის ალბათობა 99%-ს აღწევს.
საპირისპირო სცენარის შემთხვევაში კი ვითარება რადიკალურად შეიცვლება - თუ ალისონი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლივერპულს დატოვებს, მამარდაშვილი დიდი ალბათობით მერსისაიდულ კლუბში დარჩება და პირველი მეკარის სტატუსისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ამჟამინდელი პროგნოზით, ასეთ შემთხვევაში ქართველის გუნდში დარჩენის ალბათობა 99%-ია.
მამარდაშვილი ლივერპულს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა და ალისონთან ერთად მეკარის პოზიციაზე კონკურენციის პირობებში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი კვლავ გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მისი ასაკისა და მომავლის გარშემო არსებული კითხვების ფონზე, კლუბისთვის ქართველი მეკარის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საბოლოო გადაწყვეტილება კი დიდწილად სწორედ ალისონის მომავალზე იქნება დამოკიდებული.
















