თითქმის გადაწყვეტილია, რომ მაურისიო პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. არგენტინელი სპეციალისტის დანიშვნა, როგორც ჩანს, მხოლოდ დროის საკითხია. თუ მხარეებს შორის შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება, "წითელ ეშმაკებს“ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ მწვრთნელებისა და სპორტული დირექტორების დაქირავება-გათავისუფლებაში დახარჯული თანხა 100 მილიონ ფუნტს საგრძნობლად გადააჭარბებს.
როგორც ირკვევა, 2013 წლიდან მანჩესტერ იუნაიტედმა სხვადასხვა მწვრთნელისა და მათი სამწვრთნელო შტაბების კომპენსაციებში, ასევე სპორტული დირექტორების დანიშვნა-გათავისუფლებაში, ჯამში 108.2 მილიონი ფუნტი დახარჯა. ამ თანხაში შედის დევიდ მოიესის, ლუი ვან გაალის, ჟოზე მოურინიოს, ოლე გუნარ სულშერის, რალფ რანგნიკის, ერიკ ტენ ჰაგისა და რუბენ ამორიმის კომპენსაციები.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამორიმის გაშვებამ კლუბს 8.2 მილიონი ფუნტი დაუჯდა, მაიკლ კერიკისა და მისი შტაბის გათავისუფლება კი დამატებით 5 მილიონად არის შეფასებული. პოჩეტინოს დანიშვნისთვის მანჩესტერელები წინასწარ კიდევ 7.4 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, რასაც სამწვრთნელო შტაბის ხარჯებიც დაემატება. შედეგად, ფერგიუსონის ეპოქის დასრულების შემდეგ კლუბის მიერ ამ მიმართულებით დახარჯული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.
2013 წელი: დევიდ მოიესის მიერ ფერგიუსონის სამწვრთნელო შტაბის შენარჩუნებაზე უარი - 2.4 მილიონი ფუნტი.
2014 წელი: დევიდ მოიესისა და მისი სამწვრთნელო შტაბის გათავისუფლება - 4.9 მილიონი ფუნტი.
2016 წელი: ლუი ვან გაალისა და მისი სამწვრთნელო შტაბის გათავისუფლება - 8.4 მილიონი ფუნტი.
2018 წელი: ჟოზე მოურინიოსა და მისი სამწვრთნელო შტაბის გათავისუფლება - 19.6 მილიონი ფუნტი.
2021 წელი: ოლე გუნარ სულშერისა და მისი სამწვრთნელო შტაბის გათავისუფლება - 9.1 მილიონი ფუნტი.
2022 წელი: რალფ რანგნიკისა და მისი შტაბის კომპენსაცია, ასევე სხვა საფეხბურთო ცვლილებებთან დაკავშირებული ხარჯები - 14.7 მილიონი ფუნტი.
2024 წელი: ერიკ ტენ ჰაგისა და მისი სამწვრთნელო შტაბის გათავისუფლება - 10.4 მილიონი ფუნტი.
2024 წელი: დენ ეშუორთის სპორტულ დირექტორად დანიშვნა - 3 მილიონი ფუნტი.
2024 წელი: რუბენ ამორიმის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა - 11 მილიონი ფუნტი.
2024 წელი: დენ ეშუორთის გათავისუფლება - 4.1 მილიონი ფუნტი.
2026 წელი: რუბენ ამორიმისა და მისი სამწვრთნელო შტაბის გათავისუფლება - 8.2 მილიონი ფუნტი.
2026 წელი: მაიკლ კერიკისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დანიშვნა - 5 მილიონი ფუნტი.
2026 წელი: მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნა (დამატებითი სამწვრთნელო შტაბის ხარჯების გარეშე) 7.4 მილიონი ფუნტი.
ჯამი: 108.2 მილიონი ფუნტი.











