საბა ლაზიშვილის მამა, ანზორ ლაზიშვილი, აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით La Gazzetta Georgia-სთან საუბრობს.
შეგახსენებთ, წუხელ, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, უსმან ნურმაგომედოვის გუნდი თავს დაესხა.
მერაბი RAF-ის ივენთის წინ ინტერვიუს წერდა და სწორედ ამ დროს უსმანი ზურგიდან მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მერაბთან ერთად 21 წლის ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც რიცხობრივ უპირატესობაში მყოფ მოწინააღმდეგეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და მერაბთან ერთად თავდამსხმელები მოიგერია და ზიანი მიაყენა.
საბა ლაზიშვილი UFC-ის ყოფილი მებრძოლის, ზვიად ლაზიშვილის ძმა და ვეტერანი ქართველი მოჭიდავის, ამჟამად აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ანზორ ლაზიშვილის შვილია.
ანზორ ლაზიშვილმა მომხდართან დაკავშირებით და საბას შესახებ, LaGazzetta.ge-სთან ისაუბრა:
- რას იტყვით მომხდართან დაკავშირებით?
- ეს არაა სპორტული საქციელი. დაღესტნელ მებრძოლებს თავის წარმოჩენა სურდათ. მერაბი სუპერვარსკვლავია და იფიქრეს, დავამცირებთ, ვცემთო, მაგრამ არ გამოუვიდათ. ასე არ შეიძლება, თუ ჩხუბია, ერთი ერთზე იჩხუბე. როცა 10 კაცი ზურგიდან ადგები, არ შეიძლება. ამის მიუხედავად, თავად დარჩნენ გალახულნი.
- როგორ გაიგეთ აბუ-დაბიში მომხდარი თავდასხმის შესახებ?
გუშინ დაგვირეკეს და გვკითხეს, მართალია? არაფერი ვიცოდით. შემდეგ საბამ მოწერა დედას, ჩემს მეუღლეს და უთხრა, რომ შეიძლება ვიდეო ნახო და არ შეგეშინდეს, პატარა ნაკაწრები გვაქვსო, ღირსეულად ვიჩხუბეთო. ვიდეო რომ ვნახე, მომეწონა საბას მოქმედება.
- დედას რა რეაქცია ჰქონდა?
- ზვიადი და საბა ბავშვობიდან დედაზე ფიქრობდნენ, არ ინერვიულოსო. გუშინ ძალიან ინერვიულა, თუმცა, როცა გააცნობიერა, საბამ ეს რატომ გააკეთა, დამშვიდდა. რომ შევხედე, საბა როგორ ვაჟკაცურად მოიქცა, არ შეეშინდა, არ გაიქცა, ბოლომდე ვაჟკაცურად დაუდგა მერაბს და თან კარგად იჩხუბა, მე ვამაყობ მისითო, - თქვა დედამ.
- დღეს ესაუბრეთ საბას?
- გუშინ რაც მოგვწერა, მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. იმედია, საღამოს შევძლებთ დაკავშირებას. ვიცით, საელჩო ჩართულია ამ საკითხებში და მათთან არიან. ამ დროისთვის მეტი არაფერი ვიცით, გარკვეული პროცედურებია.
- საბას მამაცობის შესახებ ახლა მთელი მსოფლიო საუბრობს. თქვენ რა ემოცია გქონდათ ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ?
- ვნახეთ, რამდენად მაღალი რანგის მებრძოლები იყვნენ და ამ ყველაფერს თავი ასე გაართვა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. თავად ვნახეთ, როგორ შეაფასეს საბას მოქმედება მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა.
ასეთ დროს მთავარი ბრძოლაა. ვიდეოებში ვხედავთ, რომ საბამ შეძლო გამკლავებოდა და საკადრისი პასუხი გაეცა. ჩვენ ვნახეთ, როცა მერაბს ზურგიდან ურტყამდნენ, საბამ ის მებრძოლი გათიშა. ძალიან ჭკვიანურად იმოქმედა. ვამაყობ მისი საქციელით, ქართული ხასიათი გამაოვლინა. მთავარი ისაა, რომ საბა არ დაიბნა. ეს ქვეყნის პრესტიჟიც იყო.
- საბა მოჭიდავეა, თქვენ ვეტერანი მოჭიდავე ხართ. რომელ სახეობაში ისურვებდით საბას ხილვას — MMA-ში თუ ჭიდაობაში?
- საბას ჭიდაობაში კარგი გამარჯვებები აქვს, საერთაშორისო ტურნირებზე შეძლო გამარჯვება, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორია. მე ძალიან გამიხარდება, თუ საბა ჭიდაობას გააგრძელებს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდება, თუმცა ბოლო პერიოდში MMA-ში ვარჯიშობს და ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რას იზამს, ეს მისი გადასაწყვეტია.















