ცნობილი გავლენიანი გამოცემა GOAL.COM პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების ლიდერზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს:
რატომ აწყდებიან პრემიერ ლიგის კლუბები ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე სირთულეებს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველის შესაძენად საჭირო „გიჟური“ თანხის გადახდა შეუძლიათ?
პრემიერ ლიგის კლუბები, რომლებსაც ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურთ, შესაძლოა, იმედგაცრუებულნი დარჩნენ. „პსჟ“-ს ყოფილმა ფეხბურთელმა იუსუფ მულუმბუმ GOAL-თან საუბრისას განმარტა, რატომ მიიჩნევს, რომ ქართველი ვარსკვლავი საფრანგეთში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ სოლიდურმა სატრანსფერო შეთავაზებებმა შესაძლოა პსჟ-ს პოზიცია შეცვალოს, პარიზულ კლუბს კვარაცხელიას გაყიდვის არანაირი აუცილებლობა არ აქვს.
კვარაცხელია ამჟამად ჯვარედინი იოგის ტრავმისგან რეაბილიტაციას გადის
უახლოეს მომავალში კვარაცხელია კლუბის შეცვლას არ აპირებს, მით უმეტეს, რომ ამჟამად ჯვარედინი იოგის მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე იმყოფება.
ქართველ შემტევს მოედანს რამდენიმე თვით ჩამოშორება მოუწევს. ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ მას ფორმისა და სათამაშო კონდიციების აღსადგენადაც გარკვეული დრო დასჭირდება. პსჟ დარწმუნებულია, რომ შეძლებს საკუთარი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის სრულფასოვან დაბრუნებას.
კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავად იქცა. ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც იტალიურ კლუბთან ერთად სერია A-ს ტიტული მოიგო, პარიზულ გუნდში გადასვლის შემდეგ საკუთარი თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა.
გასულ სეზონში ქართველმა ყველა ტურნირზე 19 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემების ორნიშნა მაჩვენებელიც დააფიქსირა. გარდა ამისა, ის ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულია.
❤️ Kvaratskhelia présent pour soutenir ses coéquipiers #PSG https://t.co/0BXYsuMsBj
— ParisTeam (@Paristeamfr) November 7, 2026
პრემიერ ლიგის მდიდარი კლუბები პსჟ-ს გარემარბით ინტერესდებიან
ინგლისურ კლუბებს თანხის გადახდის პრობლემა ნამდვილად არ ექნებოდათ, თუმცა კვარაცხელია, რომელსაც პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, ჯერ ტრანსფერზე არ არის გამოტანილი.
იუსუფ მულუმბუც სწორედ ამ მოსაზრებას იზიარებს. პსჟ-ს ყოფილმა ნახევარმცველმა ასეთი განცხადება გააკეთა:
„ვფიქრობ, ინგლისური კლუბებისა და ზოგადად პრემიერ ლიგის მხრიდან ბევრი ფეხბურთელის მიმართ არსებობს ინტერესი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკემ პსჟ-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ვფიქრობ, ეს ფეხბურთელები საფრანგეთში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩებიან“.

კითხვაზე, იყო თუ არა კვარაცხელია ტრავმამდე მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მარცხენა გარემარბი და აღემატებოდა თუ არა ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ვინისიუს ჟუნიორი და ლუის დიასია, მულუმბუმ უპასუხა:
„კვარაცხელიასა და ამ ორ ფეხბურთელს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ ხვიჩა მოედნის ორივე ნახევარზე დიდ სამუშაოს ასრულებს. ის ბევრს დარბის უკან, აქტიურად მონაწილეობს დაცვაში და პრესინგშიც.
უბრალოდ, არ გაუმართლა იმ მხრივ, რომ ისეთ ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, რომლის გამოც მას მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშედ ისე ხშირად არ აღიარებენ. თუმცა პსჟ-ში ის მართლაც დიდებულ საქმეებს აკეთებს.
მას ასევე ძალიან არ გაუმართლა ამ ტრავმის გამო, რადგან ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთის გამოკითხვაში უფრო მეტს იმსახურებდა. გასულ წელს კვარა მსოფლიოს სამ საუკეთესო მარცხენა გარემარბს შორის იყო“.












