ნურმაგომედოვების გუნდის წევრების მენეჯერი, ალი აბდელაზიზი ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი აზრით, ვიღაც გამიზნულად ცდილობს ქართველებსა და დაღესტნელებს შორის მტრობის დათესვას. ეგვიპტელმა მენეჯერმა აღნიშნულზე სოციალურ ქსელში ისაუბრა.
"ბოლო სამმა დღემ ბევრი რამ მასწავლა, თუ როგორ იქცევიან ადამიანები მაშინ, როდესაც სხვები რთულ პერიოდს გადიან. ზოგიერთი ადამიანი არსებულ კონფლიქტს იყენებს იმისთვის, რომ ერებს, რელიგიებსა და საზოგადოებებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს. ასეთი საქციელი სისუსტის გამოვლინებაა.
ჩვენ მუსლიმები ვართ, თუმცა სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანებისა და სხვა ერების მიმართ სიძულვილი არ გვაქვს. ვხედავთ, თუ როგორ ცდილობენ ზოგიერთი ადამიანები ქართველებსა და დაღესტნელებს შორის დაპირისპირების გაღვივებას. ორივე მხრიდან ვიცნობ ადამიანებს და მათი უმრავლესობა საუკეთესოა, მათ შორის, რომლებსაც ოდესმე შევხვედრილვარ.
ძმებს როგორც კარგ, ისე ცუდ დროს გვერდით უნდა დაუდგე. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და გვაქვს უფლება, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახები და გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს. მთავარია, როგორ ვიქცევით რთულ მომენტებში. ადამიანები შეცდომებს უშვებენ, ზოგჯერ ემოციებს აყოლით, მაგრამ აღნიშნულ შეცდომებზე შეგვიძლია ვისწავლოთ.
ამჟამად ჩემი რამდენიმე ძმა რთულ პერიოდ გადის. მე კვლავაც მათ გვერდით ვიქნები, მხარს დავუჭერ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც მათ დასახმარებლად შემიძლია. არავის ვუსურვებ ცუდს, იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ჩემს მტრებად მივიჩნევ. იმედი მაქვს, შევძლებთ, მტრობის მიღმა დავტოვოთ ეს ყველაფერი, რადგან ცხოვრებაში ეს მთავარი არ არის", - განაცხადა ნურმაგომედოვების მენეჯერმა.
















