კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ბრაზილიაში არის რომარიო დე სოუზა ფარია და ვეტერანმა ფეხბურთელმა უყურადღებოდ არც იაპონიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში 2:3 წაგება დატოვა. ბრაზილიელი ექს-ფორვარდი თვლის, რომ იტალიელმა სპეციალისტმა "სელესაო" უნდა დატოვოს.
"ანჩელოტი, საკმარისია! ჩაალაგე ბარგი და გაეთრიე. არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ისტორიაში ხარ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, მაგრამ შენი მიღწევები საკლუბო ფეხბურთს ეხება. ბრაზილიაში შენ ჯერ კიდევ ვერ აჩვენე ის, რისთვისაც დაგნიშნეს. აღარ შეგვიძლია იმის ლოდინი, რომ კარლო რაღაცას შეცვლის", - განაცხადა "სელესაოს" ექს-ფორვარდმა.
იტალიელი მწვრთნელის პასუხმა არ დააყოვნა - "ხალხის კრიტიკა ჩემი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ის იყო, არის და იქნება. ეს სიტყვები არავითარ გავლენას არ ახდენს არც ჩემზე და არც გუნდზე. რომარიო? ის ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ეს მისი უფლებაა, აზრის დაფიქსირებას კი ვერავის ავუკრძალავთ".











