ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებებს შორის, უნგრელთა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ გააკეთა.
"პირველ ნახევარში ცუდად ვითამაშეთ, თუმცა მეორე ტაიმში შეცდომები გამოვასწორეთ, გოლი გავიტანეთ და გავიმარჯვეთ.
ვფიქრობ, საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. უყურეთ, სად თამაშობენ მათი ფეხბურთელები, რომელ კლუბებსა და ლიგებში და მიხვდებთ მათ ხარისხს.
როგორც ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, რთული ჯგუფია და იოლი არცერთი მატჩი არ იქნებოდა - ასეც ხდება, ჩვენთვის ყველა მატჩი საბრძოლოა.
მათ არ ჰყავდათ კვარაცხელია, მაგრამ მაინც ხიფათი შეგვიქმნეს, რადგან სხვა ტოპ მოთამაშეებიც ჰყავთ. რა თქმა უნდა, კვარაცხელიასთან ერთად ისინი უფრო საშიშები არიან. ამ მატჩში მაქსიმუმი ჩავდეთ და გავიმარჯვეთ.
მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი, კვერნაძე - მათი სახით ძალიან კარგ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ. ერთი შეხედვით, შეიძლება თქვათ, რომ უნგრეთი რეიტინგში ბევრად წინაა, ვიდრე საქართველო და ყველაფერი მარტივადაა, მაგრამ ასე არ არის. მათ პატივს ვცემთ და რთული მატჩი გვქონდა", - განაცხადა როსიმ.











