აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ალეხანდრო კამანიომ თავისი კლიენტის მომავლის თაობაზე ისაუბრა. ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მაროკოელი განაპირა მცველის დაბრუნებას მადრიდის რეალი ეცდება. შეგახსენებთ, ვარსკვლავურმა უკანახაზელმა საფეხბურთო კარიერა სწორედ "სამეფო კლუბში" დაიწყო.
"პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტის გახანგრძლივება? განსახილველი არაფერია, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს კლუბთან და ამ საკითხის თაობაზე აუცილებლად დავილაპარაკებთ როცა დრო მოვა. ჰაკიმი პსჟ-ში ბედნიერია, ეს მისი სახლია. კლუბსა და მოთამაშეს შორის არსებობს კავშირი, რომლის წაშლა მარტივი არაა.
რეალის ინტერესი? შემოთავაზება არ გვქონია და ზოგადად, სხვა გუნდში გადასვლას აშრაფი არ განიხილავს. მის გონებაში მხოლოდ ერთი კლუბია - პსჟ", - განაცხადა მაროკოელი განაპირა მცველის აგენტმა. შეგახსენებთ, კონტრაქტი მოთამაშესა და გუნდს შორის 2029-მდეა გათვლილი.












