2026 წლის ოქროს ბურთი ჰარი კეინს გადაეცა. ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე ის გახდა რიგით მეხუთე ინგლისელი ფეხბურთელი, ვინც ბალონ დ'ორი მოიგო. 70-წლიანი ციკლი, რომელიც შეკრეს სწორედ ბრიტანელებმა: სტენლი მეთიუზიდან - მიუნხენის ბაიერნის ფორვარდამდე. განვიხილოთ თითოეული მათგანის განვლილი გზა.
სერ სტენლი მეთიუზი - ოქროს ბურთის პირველი და ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული
1956 წელს ოქროს ბურთის პირველი გამარჯვებული იყო არა ალფრედო დი სტეფანო ან ფერენც პუშკაში, არამედ სწორედ მეთიუზი. მან თავის არგენტინელ კონკურენტს სულ რაღაც 3 ხმით გაუსწრო. ბალონ დ'ორის მოგების მომენტისთვის ინგლისელი ვინგერი იყო 41 წლისა და 321 დღის, რითაც ის აღნიშნული ჯილდოს ყველაზე ასაკოვან მფლობელად დღემდე რჩება.
სერ სტენლის უახლოეს მდევარი არის ლიონელ მესი, ვინც თავისი ბოლო ოქროს ბურთის მიღების მომენტისთვის 36 წლის იყო. სრული სიგიჟე თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტებით, რომ ბალონ დ'ორი 40+ წლის მოთამაშემ მოიგოს. საინტერესოა დამსახურებებიც, რომლითაც ბლექპულის ვინგერმა მადრიდის რეალში მოთამაშე კონკურენტებს აჯობა.

იმ ასაკში, როდესაც ფეხბურთელების უმრავლესობას კარიერა აქვს დასრულებული, ინგლისის ნაკრების შვიდიანი თამაშობდა უმაღლეს დონეზე, როგორც ეროვნულ გუნდში, ისე კლუბშიც. მართალია, კონკრეტულად 1956-ში "დრიბლინგის ჯადოქრად" წოდებულ ვინგერს არაფერი მოუგია, მაგრამ ბალონ დ'ორი მან სხვა კრიტერიუმით მიიღო.
1956 წლის ოქროს ბურთი მეთიუზის ხანგრძლივი, ბრწყინვალე კარიერისა და სპორტსმენობის აღიარება იყო. ჟურნალისტებმა ხმა მისცეს არა მხოლოდ კონკრეტული სეზონის სტატისტიკას, არამედ ინგლისელი ვინგერის უნიკალურ პერსონას, მის ჯენტლმენურ ქცევას მოედანზე და ფეხბურთის განვითარებაში შეტანილ ღვაწლს.
სერ სტენლი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც პროფესიული კარიერის დასრულებამდე რაინდად აკურთხეს. უბრალოდ წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ხარ სტოკის რიგითი მოთამაშე, შენს გვერდით კი დგას თანაგუნდელი სერის წოდებით, თანაც 1-ელი ბალონ დ'ორით ფეხბურთის ისტორიაში.
სერ ბობი ჩარლტონი - მსოფლიო ჩემპიონი და ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი
მეთიუზის გამარჯვებიდან 10-წლიან იუბილეზე ოქროს ბურთი ჩარლტონს გადაეცა. მან თავის უახლოეს კონკურენტს, ეუსებიო და სილვა ფერეირას სულ რაღაც 1 ხმით (81:80) გაუსწრო. აღნიშნული შემთხვევა 30 წლის მანძილზე რჩებოდა უნიკალურ მოვლენად, მაგრამ შემდეგ, იგივე მატიას ზამერისა და რონალდო ნაზარიოს დუელშიც (144:143) განმეორდა.
დავუბრუნდეთ 1966 წლის ოქროს ბურთს, რომელიც ინგლისელმა შემტევმა მსოფლიო ჩემპიონის რანგში მოიპოვა. დიახ, ის ბრწყინავდა მანჩესტერ იუნაიტედშიც, მაგრამ მთავარი მაინც საშინაო მუნდიალი იყო. იმ პერიოდში ეროვნული გუნდის წარმატება ინდივიდუალურ ჯილდოებზე გადამწყვეტ გავლენას ახდენდა.

ამ ტენდენციას ოქროს ბურთზე დაუბრუნდებიან მომავალშიც, თანაც არაერთხელ. რაც შეეხება სერ ბობის ასპარეზობას 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 3 გატანილი გოლი, მაგრამ თითოეული მათგანი ფასეულობით მარგალიტს უტოლდებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინგლისის ნაკრების ფლეიმეიქერის დუბლი პორტუგალიასთან (2:1) 1/2 ფინალში, რომელშიც მან თავისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან გადამწყვეტი დუელისთვის ფაქტიურად მარტომ გაიყვანა.
დიახ, ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე, "სამი ლომის" ცხრიანს ლისაბონის ბენფიკას ლეგენდარულ თავდამსხმელთან პერსონალური დუელი ჯერ კიდევ მუნდიალის 1/2 ფინალში ჰქონდა. გამოსარჩევია ისიც, რომ 1966-1968 წლების შუალედში, ჩარლტონმა პორტუგალიელ მოწინააღმდეგეს 3-ჯერ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზეც მოუგო.

"შავი პანტერას" გარდა, ინგლისელი შემტევის კონკურენტი იყო ფრანც ბეკენბაუერიც და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ამ უკანასკნელის პერსონალური მეურვეობის მიუხედავად, ბალონ დ'ორის მომავალი ტრიუმფატორის გავლენა ბრიტანელთა მოგებაზე "ბუნდესთიმთან" უბრალოდ კოლოსალური იყო.
ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ბობი, მეტ ბასბისთან ერთად, 1960-იან წლებში "წითელი ეშმაკების" აღორძინების სიმბოლოდ იქცა. 1958 წლის მიუნხენის ავიაკატასტროფაში გადარჩენილმა ინგლისელმა ლეგენდებმა ოლდ ტრაფორდის მკვიდრთა სახელი ფაქტიურად ფერფლიდან და ნანგრევებიდან აღადგინეს.
კევინ კიგანი - ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის წელს ოქროს ბურთი ტურნირზე თამაშის გარეშე მოიგო
საფეხბურთო სამყაროში ბოლო თვეებში ტრიალებდა კითხვა, თუ რამდენად რეალური იყო ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთი, მსოფლიო ჩემპიონატის წელს, უშუალოდ ტურნირზე თამაშის გარეშე? ისტორიას ახსოვს მხოლოდ 1 შემთხვევა, როცა მუნდიალზე დაფიქსირებულ შედეგებს ბალონ დ'ორზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია.
ეს მიღწევა კიგანის სახელზეა. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისმა ვერ მოახერხა გასვლა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ოქროს ბურთი მაინც კევინმა მოიგო. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ლეგენდარულ ფლეიმეიქერს აღნიშნულ სეზონში არც საკლუბო ტიტულები მოუპოვებია. მუნდიალს მიღმა ყოფნა და 0 ტიტული.

სათქმელია ისიც, რომ ინგლისელმა შემტევმა ოქროს ბურთი მიიღო მაშინ, როდესაც ნომინანტებს შორის ჯერ კიდევ მხოლოდ ევროპელი მოთამაშეები იყვნენ. ბალონ დ'ორის ალტერნატიული დაჯილდოების მიხედვით, კანდიდატთა შორის რომ ყოფილიყვნენ სხვა კონფედერაციების მოთამაშეებიც, 78-ში ჯილდოს მარიო კემპესი მოიგებდა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ისმის კითხვა - რატომ მაინც და მაინც ჰამბურგის შემტევი, თანაც ზედიზედ ორჯერ? დიახ, 1978 წლის ოქროს ბურთს "როტოზენის" მე-7 ნომერმა 1979-ში მეორეც მიაყოლა. მართალია, არგენტინის მუნდიალზე მეფობდა კემპესი, მაგრამ ევროპულ საკლუბო ფეხბურთში "თაგვს" იმ პერიოდში უბრალოდ ბადალი არ ჰყავდა.

ბეკენბაუერის ბაიერნისა და იოჰან კრუიფის აიაქსის დომინირების გასვლის შემდეგ, ჩემპიონთა თასზე შემოიჭრა ლივერპული, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ კიგანი იყო. მერსისაიდელთათვის ევროპის მთავარი საკლუბო ტიტულის მოგების შემდეგ, ახალი გამოწვევისთვის ინგლისელი ფლეიმეიქერი ფოლკპარკშტადიონზე გადავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან კევინს გაუჭირდა ადაპტაცია ჰსვ-ში, საბოლოოდ ის გუნდის აბსოლუტურ ლიდერად იქცა. თუ 1978 წლის ოქროს ბურთი იწვევდა კითხვებს, 1 წლის შემდეგ, ბრანკო ზებეცის შეგირდმა ყველა კრიტიკოსი დაადუმა. გერმანიის ჩემპიონობა და მოგვიანებით, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ვიცე-ჩემპიონობაც...ჰამბურგმა ყველაფერი ეს სწორედ ლეგენდარულ მე-7 ნომერთან ერთად გამოიარა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფინალისკენ მიმავალ გზაზე "როტოზენმა" თბილისის დინამო დაამარცხა. ეს მოხდა ჩემპიონთა თასის მეორე რაუნდში, მას შემდეგ, რაც "ლურჯ-თეთრებმა" მოუგეს ენფილდის მკვიდრებს...კლუბს, რომელშიც "თაგვმა" ჰსვ-ში გადასვლამდე 9 ტიტული მოიპოვა. აღნიშნული დაპირისპირება კიგანისა და დავით ყიფიანის პერსონალურ დუელად შეირაცხა.
ორივე ფეხბურთელმა გაიტანა ორ-ორი გოლი, გამარჯვებულები კი ორი მატჩის ჯამში გამოვიდნენ ფოლკპარკშტადიონის ბინადრები, ვინც ჯერ სახლში მოიგეს 3:1, შემდეგ კი სტუმრად 3:2. ზებეცის შეგირდების შეჩერება აღნიშნულ სეზონში შეძლო მხოლოდ მომავალმა ჩემპიონმა, ნოტინგემ ფორესტმა.
მაიკლ ოუენი - ოქროს ბიჭუნა და დაუსრულებელი კამათი მისი ჯილდოს გარშემო
იმ დროს, როდესაც რაულ გონსალესი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იბრძოდა ბაიერნის წინააღმდეგ და უახლოვდებოდა ოქროს ბურთს, ოუენი ევროთასების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დუელის მონაწილე გახდა. საუბარია ალავესთან შეხვედრაზე რანგით მე-2 საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ თამაშში, რომელიც ლივერპულმა 5:4 მოიგო.
თავად ინგლისელ თავდამსხმელს არ გაუტანია გოლი უეფას თასის ფინალში და ზოგადად, ის არ ყოფილა ესპანელი კონკურენტივით შედეგიანი, მაგრამ იმას, რასაც მერსისაიდელებმა მიაღწიეს აღნიშნულ სეზონში, ახალგაზრდა ფორვარდის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ზოგადად, მაიკლის ბალონ დ'ორი სტატისტიკით არ განისაზღვრება.

"წითლების" თავდამსხმელი არ გამხდარა საუკეთესო ბომბარდირი, არც პრემიერ ლიგაში და არც უეფას თასზე, მისი მონაგარი სეზონის ბოლოს 46 შეხვედრაში 24 ბურთს შეადგენდა. ობიექტურად, ეს არაა იმ ფორვარდის სტატისტიკა, რომელმაც უნდა მოიგოს ბალონ დ'ორი, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ენფილდის მკვიდრთა მე-10 ნომერი სხვა კრიტერიუმით შეფასდა.
"ოქროს ბიჭუნაში" ხედავდნენ იმ სპორტსმენს, ვის ფეხქვეშაც მომავალში მთელი საფეხბურთო სამყარო უნდა მოქცეულიყო. ჯერ კიდევ 1998 წლის მუნდიალის შემდეგ, ოუენმა ერთპიროვნულად მიისაკუთრა მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი და იმედისმომცემი მოთამაშის სტატუსი. გაიხსენეთ ინგლისელი ფორვარდის ბურთი არგენტინის ეროვნული გუნდის კარში და ყველაფერს მიხვდებით.
მაიკლი ოქროს ბურთს მიაახლოვა გერმანიის წინააღმდეგ გამართულმა მატჩმაც, რომელიც დასრულდა ინგლისის გამარჯვებით, ანგარიშით 5:1. "ბუნდესთიმის" კარს იცავდა მსოფლიოს იმდროინდელი საუკეთესო გოლკიპერი, ოლივერ კანი, რომელმაც "3 ლომის" ფორვარდისგან აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი მიიღო.
ერთი სიტყვით, რაული თუ იყო ფორმის პიკში მყოფი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი, ბრიტანელი ათიანი ითვლებოდა მოვლენად, რომლისთვისაც სეზონი 2000/01 მხოლოდ გახურება იყო. "ოქროს ბიჭუნას" ხშირად ადარებდნენ რონალდოს, შემდეგ კი მესი, კილიან მბაპე და ლამინ იამალი უკვე თავად მას შეადარეს.
ოუენს იმ სეზონში არ გამხდარა პრემიერ ლიგის ჩემპიონი და როგორც აღვნიშნეთ, ის არც საუკეთესო ბომბარდირი ყოფილა. ესპანელმა კონკურენტმა შეაგდო მასზე 8 ბურთით (32:24) მეტი, მაგრამ საფეხბურთო სამყაროს მაინც ინგლისელი ფორვარდი აჯადოვებდა. ცნობისთვის, გონსალესმა მოუგო მაიკლს კალენდარულ წელში გატანილი გოლებითაც (46:37), თუმცა აღნიშნული ფაქტიც ასევე მეორეხარისხოვნად დარჩა.

ჰარი კეინი - მთავარი ინდივიდუალური ჯილდო უტიტულო ათწლეულის შემდეგ
რთულად წარმოსადგენია, თუმცა ფაქტია - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა პირველი გუნდური ტიტული 31 წლის ასაკში მოიპოვა. იქამდე იყო სამწუხარო მომენტებით სავსე კარიერა ტოტენჰემში, რომლის შემადგენლობაში კეინი უკვე იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ მისი ჯილდოების კოლექცია ცარიელი რჩებოდა.
ნამდვილ თავის დაღწევას ჰგავდა ტრანსფერი ბაიერნში - იქ, სადაც ინგლისელმა თავდამსხმელმა მიიღო ყველაფერი ის, რასაც იმსახურებდა. ხუთი საკლუბო ტიტული უკვეა ჰარის ანგარიშზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს ბალონ დ'ორიც დაემატა. სხვების მსგავსად, განვიხილოთ მიუნხენელთა ფორვარდის პირველობაც.

"რეკორდმაისტერის" ცხრიანმა 2025/2026 წლების სეზონის განმავლობაში გაიტანა 73 გოლი - აქედან 61 კლუბში, 12 კი ინგლისის ნაკრებში. რიცხვები, რომელიც მესისა და კრიშტიანუ რონალდუს საუკეთესო წლებს მოგვაგონებს. სტატისტიკის გარდა, გამოსარჩევია 33 წლის ფორვარდის კოლოსალური გავლენა თამაშზე, როგორც ალიანც არენას მკვიდრებში, ისე "3 ლომშიც".
კეინი სისტემატურად ასრულებს არა მხოლოდ თავდამსხმელის, არამედ გამთამაშებლის როლსაც. ხშირია, როდესაც მოედნის ცენტრში შეტევის წამომწყებად გვევლინება სწორედ ინგლისელი ფორვარდი, რომელიც რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ ჩნდება უკვე ოპონენტთა საჯარიმოში მომენტის დაგვირგვინებისთვის.
დიახ, ვენსან კომპანის გუნდი დამარცხდა პარი სენ-ჟერმენთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ბრიტანელებმა კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერაფერი მოუხერხეს არგენტინას, ასევე ნახევარფინალში, მაგრამ ჰარის გარეშე 4 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაც სანატრელი იქნებოდა. რეალურად, ინგლისმა 66-ის შემდეგ თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგს სწორედ ბაიერნის ფორვარდთან ერთად მიაღწია.
ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, თუ როგორი თავმდაბალი და ღირსეულია მიუნხენური გუნდის ცხრიანი, როდესაც საქმე კომენტარის გაკეთებას ეხება. მაშინ, როცა მბაპე და იამალი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, თუ რომელი მათგანი გააკეთებდა უფრო თავდაჯერებულ განცხადებას, 33 წლის ფორვარდი დუმილს ამჯობინებდა.
ასე და ამგვარად, ოქროს ბურთის დაჯილდოებისა და მეთიუზის გამარჯვების 70-წლიან იუბილეზე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო მისმა თანამედროვე მემკვიდრემ, თანაც, ლონდონში. კეინის შემდეგი სამიზნე: ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ტრიუმფი და "3 ლომისთვის" პირველი ტიტულის მოპოვება 66-ის შემდეგ.


















