გიგა ჭიკაძის მისია UFC-ში დასრულდა. მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის პირველი ქართველი ვარსკვლავი, ვისი დამსახურებითაც MMA-ში დიდ წარმატებაზე ფიქრი ჩვენთვის რეალური გახდა. ვიხილეთ საჩემპიონო ქამრებით დამშვენებულები მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია, გვეიმედება ალექსანდრე თოფურიასი, ლევან ჩოხელისა და ოთარ თანზილოვის, მაგრამ 1-ელმა ეს ამბიცია "ნინძამ" გაგვიჩინა.
იმ დროს, როდესაც UFC-ის აზანზარებდა კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის მტრობა, ზედა წონებში კი დომინირებდა აფრიკული ლეგიონი, ფრანსის ნგანუს, ისრაელ ადესანიასა და კამარუ უსმანის სახით, ქართველი მებრძოლი მართლაც ნინძასავით მიიპარებოდა თავისი მისიის შესრულებისკენ.

მისია კი მდგომარეობდა UFC-ის ჩემპიონობაში - ის, რაც ქართული რეალობისთვის იმ დროს წარმოუდგენელი იყო. პირველ ოთხ ბრძოლაში გადაწყვეტილებით მოგება უკვე ჩანდა როგორც სიგიჟე, მაგრამ ამის მერე ჭიკაძემ შემოგვთავაზა მიყოლებით სამი KO, რითაც 66 კილოგრამ დივიზიონის ტოპ მებრძოლებს შორის ადგილი მყარად დაიმკვიდრა.
2022 წლის დასაწყისისთვის ქართველი სტრაიკერის ანგარიშზე იყო ზედიზედ 7 გამარჯვება და მე-7 ადგილი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში. გიგა გახდა პირველი ჩვენი მებრძოლი, ვინც მოხვდა პრომოუშენის 10 საუკეთესოს შორის და ასევე პირველი, რომელმაც საღამოს მთავარ ჩხუბში იბრძოლა.
საუბარია ედსონ ბარბოზასთან დაპირისპირების შესახებ, რომელშიც "ნინძამ" მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. დაუვიწყარი მომენტი იყო ცალკე მოგება და ცალკე ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის პოსტერზე ჩვენი მებრძოლი გამოჩნდა. ბრაზილიელი ოპონენტის გათიშვამდე ჭიკაძემ საფირმო "გიგაქიქებით" კუბ სუანსონი და ჯეიმი სიმონსიც გაანადგურა.
დარტყმები, რომლებიც ბას რუტენის, მირკო ფილიპოვიჩისა და ალექს პერეირას საუკეთესო წლებს მოგვაგონებდა. ქართველმა სტრაიკერმა წარმატებით გააგრძელა დიდებული კიკბოქსერების საქმე MMA-ში და ვინ იცის, ხშირი ტრავმიანობა რომ არა, სად აღმოჩნებოდა ის შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ახალ ერაში.
ვახსენეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ეს არ არის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, რის გამოც გიგამ ვერ მიაღწია 66 კილოგრამ დივიზიონის ელიტამდე, რომელშიც ბინადრობენ "ნოტორიუსი", ჟოზე ალდო, ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და "მატადორი".
კელვინ კატართან მარცხი და შემდგომი პერიოდი სწორედ ტრავმებს უკავშირდება. თავად "ნინძა" ამ ყველაფერს ასე იხსენებს - "მასთან წაგების მერე 1.5 წელი მომცეს გამოჯანმრთელებისთვის დრო. ძალიან ბევრი დაზიანება მქონდა, მათ შორის სერიოზული, თავის ტვინში სისხლჩაქცევა...ტრავმა, რომლის მიღებისას მებრძოლები კარიერას ასრულებენ, რადგან ექიმები ჩხუბის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.
როგორც ვიცით, MMA-ში სიკვდილი ძალიან იშვიათია, საპირისპიროდ არის კრივში, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 6 - 12 მოკრივე იღუპება. რაც შემეხება მე, ბრძოლის დასრულებიდან მალევე დავიწყე გამოჯანმრთელება. იანვარში ვიჩხუბე, მაისისთვის უკვე მქონდა გაკეთებული ოპერაციები და ფიზიოთერაპიები.
მქონდა სხვა ბრძოლებში მიღებული ტრავმებიც, მაგალითად, კატართან ჩხუბი გავმართე ორი მოტეხილობით. ჩემამდე არ მოუღწევია იმ ამბავს, რომ 1.5 წელი დასვენება მქონდა გამოწერილი და პრომოუშენს აღნიშნული ფაქტი გამორჩა. მოგვიანებით ჩამინიშნეს ჩხუბი იუსუფთან, 3 თვის მანძილზე ვემზადებოდი, ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი.

ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე დამირეკა UFC-ის ვიცე პრეზიდენტმა და მითხრა ამ შეცდომის შესახებ. გადამაფრინეს მასაჩუსეტსში, ჩამიტარეს ისევ გამოკვლევები და მითხრეს, სანამ ექიმების ნებართვა არ იქნებოდა, ვერ ვიბრძოლებდი. ამის მერე, ჩამინიშნეს ჩხუბი "ზომბისთან", რომელიც მისი მიზეზების გამო ჩაიშალა.
სხვათაშორის, კასერესმა ჩემთან ბრძოლაში ხელი მოიტეხა, ზუსტად ორი კვირის შემდეგ, იმავე ადგილას ხელი მოვიტეხე მეც. რამდენიმე დღეში დამირეკა ჩემმა მენეჯერმა და შემომთავაზა ჩხუბი ემეტთან და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვე ხელი თაბაშირში უნდა მქონოდა, მაინც დავთანხმდი და დავიწყე მზადება.

ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე, სპარინგის დროს მივიღე საზარდულის საკმაოდ სერიოზული ტრავმა და ამის შემდეგაც მომიწია გარკვეული დროით დასვენება", - ეს არის 38 წლის მებრძოლის მიღებულ ტრავმათა არასრული ჩამონათვალი. ცალკე გამოსარჩევია ის დაზიანებები, რომელიც მან შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში გადასვლამდე მიიღო.
მეორე მიზეზი, თუ რატომ ვერ მივიდა ჭიკაძე ჩემპიონობამდე არის მისი ბოლომდე კიკბოქსერად დარჩენის ფაქტორი. დიახ, მას აქვს ულამაზესი სტილი, მაგრამ მოჭიდავეებისა და კომბინირებულად ახალი თაობის მებრძოლების ერაში სტრაიკერთა პოზიციები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. გამოდის, რომ კიკბოქსერობა ქართველი სპორტსმენისთვის შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში იქცა როგორც სავიზიტო ბარათად, ისე აქილევსის ქუსლადაც.

გიგამ MMA-ში გადაინაცვლა 2010-იანი წლების დასაწყისში და ამ დროის განმავლობაში მან შეიძინა არაერთი თანამოაზრე, თუმცა განსაკუთრებული მეგობრობა მას ბენეილ დარიუშთან ჩამოუყალიბდა. "ნინძამ" დეტალურად ისაუბრა მასთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, ეს კავშირი უბრალო მეგობრობაზე გაცილებით მეტია.
"დარიუში ჩემთვის მეგობარზე მეტიც არის. 2014 წელს ამერიკაში პირველად ჩავედი და Kings MMA-ის დარბაზში გადავიკვეთეთ, რომელსაც რამდენიმე საათით ვეწვიე. დავახლოვდით, გავცვალეთ კონტაქტები, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ის არის ასირიელი, მე კი - ქართველი, ბევრი პოზიტიური აღმოვაჩინეთ.

შემდეგ როდესაც უკვე ოჯახთან ერთად ჩამოვედი, დედამისმა თავისი საძინებელიც კი დამითმო, იქამდე სანამ სახლს ვიპოვიდი. ძალიან მეხმარებოდა, ახლაც მეხმარება. კემპში ის უფროა ჩემი მწვრთნელი, ვიდრე ჩემი რეალური დამრიგებელი. მეც ვცდილობ ანალოგიურად დავეხმარო. ჩემი შვილის, მაქსიმეს ნათლია არის.
მართალია, გვაქვს ინტერესების სხვადასხვაობა, თუმცა ის ძალიან კარგი ადამიანია. აქვს გარეული მთიელი კაცის ცხოვრების წესი, თანაც შუა კალიფორნიაში", - ასე ახასიათებს 38 წლის მებრძოლი ამერიკელ სპორტსმენთან მეგობრობას, რომელმაც უკვე თამამად შეიძლება ითქვას, დროს გაუძლო.

ჭიკაძე გამორჩეული არის არა მხოლოდ MMA-ს ოქტაგონსა და კიკბოქსინგის რინგზე დაფიქსირებული შედეგებით, არამედ ბრძოლების გარეთაც, სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიებში მონაწილეობით. ქართველმა მებრძოლმა მიიღო ფორესტ გრიფინის სახელობის საზოგადოებრივი ჯილდო და ონკოლოგიურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში მას თავისი წვლილიც შეაქვს.
ეს არის ჯილდო, რომელიც გადაეცემა იმ სპორტსმენებს, ვინც ოქტაგონს გარეთ მნიშვნელოვან სოციალურ და ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევიან. გიგამ დააფუძნა და განავითარა Knockout Cancer Foundation-ი, არაკომერციული ფონდი, რომელიც სიმსივნესთან მებრძოლ ადამიანებს სამედიცინო ხარჯების დაფარვასა და ფინანსურ მხარდაჭერაში ეხმარება.

"ნინძამ" არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა მისი გარდაცვლილი დედის ხსოვნას უკავშირდება. მას სურს, რომ თავისი პლატფორმა სხვების დასახმარებლად და პოზიტიური მაგალითის მისაცემად გამოიყენოს. თავად 38 წლის მებრძოლი აღნიშნულ საამაყო და მისაბაძ წამოწყებას ახასიათებს ასე:
"ადამიანებს რაღაც პოზიტიურის გაკეთების სურვილი გვაქვს. როგორი "ცუდი ბიჭიც" არ უნდა იყო, მთელი დღე "ცუდი ბიჭი" ვერ იქნები. ადრე სხვა წარმოდგენა იყო შერეულ საბრძოლო ხელოვნებებზე...ეგონათ, როცა ვიღვიძებდით გავდიოდით ქუჩაში და ვჩხუბობდით, ბარში, რესტორანში, დარბაზშიც.

ახლა ყველაფერი შეიცვალა, თვითონ MMA გახდა სხვანაირი. ბავშვებიც რომ იწყებენ ვარჯიშს, დადიან მხოლოდ ერთ დარბაზში, სადაც ყველაფერს ერთ სივრცეში ითვისებენ. ჩვენ დროს სხვანაირად იყო, კარატისტს სჭირდებოდა მოჭიდავესთან მისვლა და ა.შ. ახლა ყველაფერს ერთ დარბაზში სწავლობ და აცნობიერებ, სრულფასოვანი პროფესიონალი სპორტსმენი ხარ და არა ქუჩის მოჩხუბარი.
კარგი და ცუდი ადამიანები კი ყველა სპორტში არიან. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენზე უკეთესებიც გამოჩნდებიან", - განაცხადა ჭიკაძემ, ვინც ახლო წარსულში ხელი მოჰკიდა კიდევ ერთ საამაყო საქმიანობას და გახსნა შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა აკადემია, რომელშიც ის ოქტაგონისთვის ახალ თაობას მოამზადებს.

"დოჯო კარატეს, კიკბოქსინგისა და MMA-ს დარბაზი, სადაც ბავშვებს მინდა გავუზიარო მთელი ჩემი გამოცდილება, რაც მოვაგროვე კარატედან და ნიდერლანდური კიკბოქსინგიდან, რომელიც, მოგვიანებით, შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში გადაიზარდა. გვინდა, მოსწავლეებს დავეხმაროთ დარტყმის ტექნიკის განვითარებაში, რომელიც სპეციალურად ოქტაგონისთვის იქნება მიმართული.
ეს არის უნიკალური დარბაზი, სადაც ტრადიციული დოჯო კარატესა და ნიდერლანდური კიკბოქსინგის ნაზავს შეხვდებით. MMA-ში ბევრი კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩხუბებს რომ ვუყურებ, დარტყმის ტექნიკის დემონსტრირების ნაკლებობას ვხედავ. ჩემი მიზანია შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში აღნიშნული კომპონენტის დახვეწა და დამკვიდრება.

ბოლო 20 წლის განმავლობაში კარატეს ჩამოუყალიბდა ცუდი რეპუტაცია, განსაკუთრებით ამერიკაში, თუმცა იქ, სადაც ვარჯიში დავიწყე მე, კარატეს სწავლებას ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება და მინდა სწორედ ამ ყველაფრის დამკვიდრება, როგორც ბავშვებში, ისე დიდებშიც", - ასე დაახასიათა ქართველმა მებრძოლმა თავისი აკადემიის კონცეფცია.
ასეთია გიგას განვლილი გზა, რომელიც არც UFC-იდან წასვლის შემდეგ სრულდება. თანამედროვე MMA-ს ერთ-ერთი უარყოფითი მხარე არის პარტერში კონტროლით მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული მოსაწყენი ჩხუბები და ეს ე.წ. "სტრატეგია" ჩრდილო კავკასიელი მებრძოლების დომინირებით დამკვიდრდა.
"ნინძა" ყოველთვის იყო ამ ყველაფრის სრულიად საპირისპირო მოვლენა და ვინ იცის, იქნებ ნამდვილი MMA-ს დაბრუნება სწორედ მისი სადამრიგებლო ხელწერით მოხდეს. უშუალოდ მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის ოქტაგონში 38 წლის მებრძოლმა თავისი მისია უკვე შეასრულა და მომდევნო დავალება მისთვის იქნება ისეთი სპორტსმენების აღზრდა, რომელთა სტილი და დარტყმის ტექნიკა შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ახალი სიტყვა იქნება.















![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)


