თუ ჰარი კეინი დღეს აიღებს მადრიდის ატლეტიკოს კარს, ის გაიმეორებს კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს, რაც გულისხმობს ჩემპიონთა ლიგის მიყოლებით 11 შეხვედრაში გოლის გატანას. ამ ყველაფერს აქვს თავისი წინაისტორია: იყო დრო, როცა ინგლისელი ფორვარდი პორტუგალიელ ვარსკვლავს თხოვდა მაისურის გაცვლას, დღეს კი ის მის მიღწევას უმიზნებს.
ჩემპიონთა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონში გამართული მატჩი ტოტენჰემსა და რეალ მადრიდს შორის დასრულდა ფრედ, 1:1 და ეს იყო 1-ელი შემთხვევა, როცა ბაიერნ მიუნხენის ამჟამინდელი ვარსკვლავი პორტუგალიის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს შეხვდა.
უკვე წლების შემდეგ, TNT Sports-ის ბლიც ინტერვიუში, კითხვაზე კარიერაში საუკეთესო მაისურების გაცვლის შესახებ, "რეკორდმაისტერის" ცხრიანმა სწორედ "სამეფო კლუბის" ლეგენდარული მეშვიდე ნომერი დაასახელა. ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჟოზე მოურინიოსაც, რომელიც "მამლებში" მუშაობის დროს კეინში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პოტენციალს ხედავდა.
ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე პორტუგალიელმა მწვრთნელმა ინგლისელი თავდამსხმელი თავის კაბინეტში გამოიძახა. საუბარი დოკუმენტურ სერიალ All Or Nothing-შიც მოხვდა. უაით ჰართ ლეინის მკვიდრთა დამრიგებელი ჰარის გლობალურ სტატუსზე ელაპარაკებოდა და ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად ჩამოყალიბებაში დახმარებას სთავაზობდა.
ტოტენჰემის იმდროინდელმა კაპიტანმა კი "განსაკუთრებულს" პირდაპირ დაუსახელა სასურველი ნიშნული - ლიონელ მესისა და რონალდუს დონე. ბალონ დ'ორის მოგების შემდეგ, "3 ლომის" მე-9 ნომერი ამ საუბარს გამოცემა L’Équipe-თან ინტერვიუში დაუბრუნდა. მან ახსნა, თუ რა გავლენა მოახდინა 63 წლის სპეციალისტმა მისი საფეხბურთო უნარ-ჩვევების განვითარებაში.
დავუბრუნდეთ პორტუგალიელ თავდამსხმელს, ვისი 11-მატჩიანი გოლების რეკორდი ლონდონურ გუნდთან დაპირისპირებებსაც მოიცავდა. საინტერესო ისიც, რომ კრიშტიანუს სერია შეწყდა ალიანც არენაზე, სადაც მართალია, ბერნაბეუს მკვიდრებმა მოიგეს, მაგრამ ლეგენდარულ გოლეადორს ოპონენტის კარი არ აუღია.
როგორც აღვნიშნეთ, 33 წლის თავდამსხმელი რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს გაუთანაბრდება იმ შემთხვევაში, თუ დღეს გაუტანს "როხიბლანკოსს"...ალბათ, ყველაზე სასურველ მოწინააღმდეგეს თავისი კერპის გზაზე. ბაიერნის შემდეგი ოპონენტი იქნება ლილი, რაც შესაძლოა იყოს ახალი რეკორდის მომასწავებელი, მაგრამ ჯერ, როგორც აღვნიშნეთ, კეინს დიეგო სიმეონეს გუნდის კარი აქვს ასაღები.












