მილანის 25 წლის ფორვარდმა, გონსალუ რამუშმა, Canal 11-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"პარი სენ-ჟერმენიდან მილანში გადასვლა ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როგორც პროფესიული, ისე პირადი თვალსაზრისით. ჯერ კიდევ იანვარში მქონდა გადაწყვეტილი, რომ პსჟ უნდა დამეტოვებინა, თუმცა იმ მომენტში გამოსავლის პოვნა მარტივი არ იყო და, შესაძლოა, წასვლა ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაც არ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ერთადერთი, რაც მაშინ მინდოდა, პარიზის დატოვება იყო. კლუბი ჩემს გაშვებას არ თანხმდებოდა, თუმცა დამპირდა, რომ ზაფხულში ამის შესაძლებლობას მომცემდა.
პსჟ-ში გატარებული ბოლო სამი წლის განმავლობაში, არ მახსენდება, ზედიზედ ოთხი ან ხუთი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დამეწყოს. ეს ზოგჯერ ძალიან მაცოფებდა და მაღიზიანებდა. ყოფილა შემთხვევა, ზედიზედ ოთხ ან ხუთ შეხვედრაში გოლი გამეტანა, მაგრამ ერთხელაც არ ვყოფილვარ ძირითადში. ჩემთვის ეს ყოველგვარ აზრს მოკლებული იყო. ამის შესახებ ჩემს ოჯახთანაც ვსაუბრობდი.
პარიზული კლუბის დატოვება მარტივი არ იყო, რადგან ძალიან კარგი გუნდი გვყავდა და ბედნიერი ვიყავი ამ ფეხბურთელებთან თამაშის საშუალება რომ მქონდა. თუმცა, ვიცოდი, რომ ცვლილება მჭირდებოდა და გუნდის გამოცვლა აუცილებელი იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მილანისგან ინტერესი მივიღე. რუბენ ამორიმი პირადად დამიკავშირდა და ნათლად დამანახა, რამდენად სურდა ჩემი გუნდში ხილვა. მე ვიყავი ფეხბურთელი, რომლის დამატებაც მან გადაწყვიტა. ამორიმმა მითხრა, რომ ერთად მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეგვეძლო. მადლობა გადავუხადე ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა.
მილანში გადმოსვლამდე ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელებს დავუკავშირდი, რომლებსაც ამორიმთან მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდათ. მათგან მხოლოდ დადებითი შეფასებები მოვისმინე. კონტრაქტის გაფორმების შემდეგაც დამიდასტურეს, რომ მილანში თავს კარგად ვიგრძნობდი და ასეც აღმოჩნდა. ამ გამოცდილებით სიამოვნებას ვიღებ. აქ ყველაფერი განსხვავებულია, 9-ნომრიანი მაისურით ვთამაშობ და საბოლოოდ, იმ პოზიციაზე ასპარეზობის შესაძლებლობა მაქვს, რომელიც ჩემთვის ბუნებრივია.
პარიზში ჩემს ჩვეულ პოზიციაზე არ მათამაშებდნენ, ახლა კი შემიძლია იმ თვისებების წარმოჩენა, რომლებითაც ფეხბურთის გულშემატკივრები მიცნობენ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მინდა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და ამორიმის ნდობა გავამართლო."






![[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი პორტლენდთან და ლეიკერსის პირველი მარცხი ახალ სეზონში](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FeBXeM2d0ImenHcndQL7oFhtyZ0oNuhof.png&w=3840&q=75)




