ხეტაფესთან მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას ფეხბურთელებმა გააკეთეს.
გიორგი ჯინჯოლავა: “ძალიან გახარებული ვარ, მართლაც ისტორიული გამარჯვებაა. მომდევნო ეტაპზე გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით.მადლობა ყველას ვინც დღეს მოვიდა და გვიქომაგა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და ვფიქრობ, ამ ხალხის გამო ღირდა დღევანდელი მოგება.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხალხი გავახარეთ.ჩვეულებრივად მოვემზადეთ, განსაკუთრებული არაფერი, მათ წინა მატჩებს ვუყურეთ. მწვრთნელებმა იმუშავეს, ტაქტიკურად გავარჩიეთ და მოვემზადეთ, როგორც ყველა სხვა თამაშისთვის ვემზადებით. განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია, უბრალოდ გამოვედით და მაქსიმუმი გავიღეთ, რამაც შედეგი გამოიღო.
ბოლო წუთებზე, როცა ხეტაფემ ცოტა შემოგვიტია, ქომაგებმა გაგვაძლებინეს. მაყურებლის ფაქტორმა ძალიან იმოქმედა. კიდევ ერთხელ მინდა, რომ მათ მადლობა ვუთხრა. გულშემატკივრებს ამ მოგებაში დიდი როლი აქვთ. ეს გამარჯვება ყველასია.”
გიორგი მაკარიძე: “ძალიან მაგარი ემოციებია, უბედნიერესები ვართ.სიმართლე გითხრათ, თამაშის წინ ისეთი განწყობა გვქონდა, რომ უეჭველი უნდა მოგვეგო - თითქოს ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდს ვეთამაშებოდით. როცა რწმენა ძლიერია, შედეგიც მოდის. ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული გამარჯვებაა. ვულოცავ ყველას, ვისაც ეს მოგება გაუხარდა.ჩემს კარიერაში ამ გამარჯვებას მინიმუმ ტოპ 5-ში შევიყვანდი, რადგან ჩემი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი მოგება.”











