ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტური გაგრძელდება ოთხშაბათის მატჩებით, მთავარ მოვლენად კი შეგვიძლია პარი სენ-ჟერმენისა და რომას დუელი შევრაცხოთ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
პარი სენ-ჟერმენი VS რომა | 23:55
პარი სენ-ჟერმენი, რეალ მადრიდთან ერთად ამ მომენტისთვის ერთადერთი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფაზაში 100-პროცენტიანი შედეგით მიდის. პსჟ-მ მიყოლებით მოუგო ბარსელონას, მანჩესტერ სიტის, ვილიარეალსა და სლოვანს, თანაც ყველას მინიმუმ 2-ბურთიანი უპირატესობით. იქნება თუ არა "ლურჯ-წითელთა" მომდევნო მსხვერპლი რომა? ყველაფერს დღეს გავიგებთ.
ლუის ენრიკეს გუნდისგან განსხვავებით, "ჯალოროსის" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა იდეალურისგან შორს არის. მხოლოდ ერთი გამარჯვება, ისიც, აუტსაიდერ ბრატისლაველებთან და რაც შეეხება სხვა შეხვედრებს: წაგება ჯერ "სამეფო კლუბთან", მოგვიანებით კი მანჩესტერ იუნაიტედთან, ასევე ფრე ფენერბაჰჩესთან.
ცალკე გამოსარჩევია ის, თუ რამხელა უპირატესობა გაუშვეს ხელიდან "მგლებმა" სამივე მატჩში. თავად განსაჯეთ - ბერნაბეუს ბინადრებს 3:1-ს სტადიო ოლიმპიკოს მკვიდრები უგებდნენ 83-ე წუთამდე, "წითელ ეშმაკებს" კი 2:0-ს 58-ემდე. იტალიელები მოგებასთან ახლოს სტამბოლელებთანაც იყვნენ.
შედეგად, ჯან პიერო გასპერინის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ჩამოყალიბდა კოლექტივად, რომელიც მატჩის ბოლოსთვის აუცილებლად გაუშვებს ხელიდან სოლიდურ უპირატესობას. ვნახოთ, რა იქნება დღევანდელ შეხვედრაში, რომელსაც პარკ დე პრენსის მკვიდრები უმძიმესი საკადრო პრობლემებით ხვდებიან.
ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ჯვარედინად მდებარე მყესები დეზირე დუემაც გაიწყვიტა. ორივე შემტევისთვის 2026/2027 წლების სეზონი პრაქტიკულად დამთავრებულია. რომას საკადრო პრობლემები სრულდება მხოლოდ ლორენცო პელეგრინის ტრავმით, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, შემადგენლობა ოპტიმალურია.
საინტერესოა, რომ დღევანდელ მატჩამდე, პარი სენ-ჟერმენსა და "ჯალოროსის" შორის დაპირისპირება არასდროს ყოფილა. ეს თამაში განსაკუთრებული იქნება ენრიკესთვის, რომელიც კატალონიელთა სარეზერვო გუნდიდან წასვლის მერე, 2011-2012 წლებში პირველ ნაბიჯებს სადამრიგებლო საქმიანობაში სწორედ "მგლებში" დგამდა.
ახლა რთული დასაჯერებელია, თუმცა ესპანელი მწვრთნელის კარიერა ოლიმპიკოზე იყო სრული კრახი - 42 მატჩი, 17 გამარჯვება, 16 მარცხი და 9 ფრე. დღეს, ლუჩო არის სპეციალისტი, რომელმაც პსჟ-ს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი მიყოლებით 2-ჯერ მოაგებინა. როგორც ვხედავთ, "ლურჯ-წითელთა" დამრიგებელს ერთგვარი შეხვედრა წარსულთან ექნება.
56 წლის მწვრთნელის გარდა, დღევანდელი მატჩი განსაკუთრებული იქნება მარკინიოს კორეასთვის, ვინც პარკ დე პრენსზე სწორედ რომადან გადავიდა. "ჯალოროსიში" ჩატარებული სულ რაღაც 1, მაგრამ შთამბეჭდავი 2012/13 სეზონის მერე, ნასერ ალ ხელაიფის კლუბმა ბრაზილიელი უკანახაზელი 31.4 მილიონად გაიფორმა.
ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩის დღე
| საბაჰი - ბარსელონა | 21:45 |
| სლავია - ვილიარეალი | 21:45 |
| პსჟ - რომა | 23:55 |
| ლილი - ბაიერნი | 23:55 |
| ინტერი - შტუტგარტი | 23:55 |
| სპორტინგი - მანჩესტერ იუნაიტედი | 23:55 |
| ბრიუგე - ლივერპული | 23:55 |
| ატლეტიკო - ვიკინგი | 23:55 |
| შახტარი - ფენერბაჰჩე | 23:55 |



![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)







