ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება ფაზის მეხუთე ტური, პირველი დღის მთავარი მოვლენა კი მანჩესტერ სიტისა და ნაპოლის დუელი იქნება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
მანჩესტერ სიტი VS ნაპოლი | 23:55
ოთხი ტურის შემდეგ, მანჩესტერ სიტი ცხრა ქულით სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არის. ინგლისურმა გუნდმა დაამარცხა პორტუ, ლაიპციგი და აეკი, მაგრამ წაგება იგემა პარი სენ-ჟერმენისგან. ნეაპოლელთა მდგომარეობა მძიმეა: მხოლოდ 1 მოგება ბოდო გლიმტთან, დანარჩენ შეხვედრებში კი წაგებები არსენალთან, უკვე ხსენებულ "დრაკონებსა" და ვილიარეალთან.
შედეგად, სამი ქულა და საუკეთესო 24 გუნდს მიღმა ყოფნა. "ქალაქელები", თანაც საკუთარ მოედანზე ითვლებიან გამოკვეთილ ფავორიტებად, რაც "პარტენოპეის" მორიგი წაგების ალბათობას ზრდის. დღევანდელ შეხვედრას ორივე კლუბი ხვდება საკადრო პრობლემებით, მაგალითად, ეტიჰადის მკვიდრებს ანტუან სემენიო და მარკ გეჰი არ ეყოლებათ.
"აძურის" მხრიდან კი ვერ ითამაშებენ ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა, ალექს მერეტი, ალესანდრო ბონჯორნო, ბენუა ბადიაშილი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე. ყურადღების ცენტრში იქნება კევინ დე ბრუინი, რომელმაც სიტიში ეპოქალური კარიერის მერე სტადიო დიეგო არმანდო მარადონას მიაშურა.
ბელგიელი ნახევარმცველი, ვინც მანჩესტერულ გუნდს დაემშვიდობა 20-მდე მოპოვებული ტიტულით, დღეს, მეტოქის რანგში იქნება. ეს არის ამ კლუბების რიგით მე-6 შეხვედრა და რაც შეეხება წინა დუელებს, სამჯერ მოიგეს "ქალაქელებმა", ერთხელ - ნეაპოლელებმა, ერთი თამაშიც ფრედ დასრულდა.
ამ დაპირისპირების საუკეთესო ბომბარდირი არის ედინსონ კავანი, ვინც ჩემპიონთა ლიგის 2011/2012 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ეტიჰადის მკვიდრებს "პარტენოპეის" მაისურით 3 ბურთი შეუგდო. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რობერტო მანჩინის შეგირდები მაშინ ჩარჩნენ ჯგუფში, "აძურისთან" დაკარგული ქულები იყო.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩის დღე
| გალათასარაი - ასტონ ვილა | 21:45 |
| ბოდო გლიმტი - ლასკი | 21:45 |
| მანჩესტერ სიტი - ნაპოლი | 23:55 |
| არსენალი - დორტმუნდი | 23:55 |
| რეალი - პსვ | 23:55 |
| ფეიენორდი - პორტუ | 23:55 |
| კომო - აეკი | 23:55 |
| ლაიპციგი - ლანსი | 23:55 |
| სლოვანი - ბეტისი | 23:55 |











