ცნობილი გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca დინამო თბილისის 16 წლის შემტევზე თორნიკე კვარაცხელიაზე წერს:
"თორნიკე კვარაცხელია — 16 წლის ასაკში ინტერნეტსენსაციად იქცა: მან ისეთი დუბლი შეასრულა, რომლითაც მისი ძმაც ამაყობს!ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსმა ძმამ უეფას ახალგაზრდულ ლიგაში დუბლი გაიფორმა.
მისი სახელია თორნიკე კვარაცხელია. ის მხოლოდ 16 წლისაა და მისი თამაშის ყურებისას შეუძლებელია, ძმა, ხვიჩა არ გაგახსენდეს. უეფას ახალგაზრდულ ლიგაში გატანილი გოლები და აღნიშვნის მანერა, რომელიც სტილითა და შესრულებით ძალიან ჰგავს პსჟ-ს ვარსკვლავისას, საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ახალგაზრდა ქართველ ტალანტს გენეტიკურად ერგო იმ ფეხბურთელის ნიჭი და თვისებები, რომელმაც ოქროს ბურთის გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა.
ეს მისი პირველი გოლები იყო მას შემდეგ, რაც დინამო თბილისში გამოჩნდა. თორნიკე ძირითად და ახალგაზრდულ გუნდებს შორის ინაწილებს სათამაშო დროს. მას უკვე ჰქონდა დებიუტი ეროვნულ ჩემპიონატში, საქართველოს თასსა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა ფართო საზოგადოებამ სწორედ უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე გამოსვლის შემდეგ გაიცნო.
Tornike Kvaratskhelia, brother of Khvicha, scoring and celebrating just like his older brother 😎 #UYL https://t.co/BCL9W0ctoA
— UEFA Men's Youth (@UEFAMensYouth) October 29, 2026
კოპენჰაგენთან მოგებულ მატჩში გატანილმა ორმა გოლმა (პირველი შეხვედრა ანგარიშით 3:0 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი მომავალ კვირას გაიმართება) ის ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია. ერთ-ერთი გოლი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო, რომელიც თითქოს პირდაპირ „კვარაცხელიების საფეხბურთო სახელოსნოდან“ გამოვიდა: ფლანგზე შესრულებული სლალომური რეიდი, რომელიც ბურთის კარში, შორეულ ზედა კუთხეში მოთავსებით დასრულდა.
2010 წელს თბილისში დაბადებულ ახალგაზრდა გარემარბს დიდი მომავალი აქვს. მისი გვარი, ასაკთან შედარებით გამოვლენილი მაღალი ოსტატობა და გამორჩეული ბუნებრივი ნიჭი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის მხოლოდ 16 წლისაა, ბრწყინვალე საფეხბურთო პერსპექტივაზე მიანიშნებს. გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდულ ლიგაზე ამ შთამბეჭდავ გამოსვლამდე მას უკვე უკავშირებდნენ ისეთ კლუბებს, როგორიც მიუნხენის ბაიერნია. არავის სურს, მხედველობიდან გამორჩეს „ახალი კვარაცხელია“, - წერს Marca.











