გერმანული გამოცემა Stern-ის ინფორმაციით, ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის სერიოზული დაპირისპირება წარმოიშვა. გამოცემამ ბოლო კვირების განმავლობაში საკითხზე დეტალური გამოძიება ჩაატარა და კლუბთან დაახლოებულ არაერთ პირთან ისაუბრა. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის მთავარი უთანხმოება ფეხბურთელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უკავშირდება.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი მუსიალას ვარჯიშზე დაბრუნებამდე ოთხი დღით ადრე მომხდარი შემთხვევაა. ფეხბურთელს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად არც კლუბის ხელმძღვანელობას და არც საზოგადოებას არ გაუმჟღავნებია. მოგვიანებით ცნობილი გახდა ისიც, რომ 7 აპრილს, მადრიდის სასტუმროში, რეალთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის დღეს, მუსიალას ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, გერმანელი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

Stern-ის ცნობით, ფეხბურთელის გარემოცვა მსგავს შემთხვევებს მისი ნევროლოგიური მდგომარეობის მართვად ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ბაიერნის ხელმძღვანელობაში უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათ ამ ეპიზოდების შესახებ დროულად არ აცნობეს. კლუბში გაჩნდა ეჭვი, რომ მუსიალას წარმომადგენლები მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავენ და ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა იმაზე რთული იყოს, ვიდრე მათ ეუბნებიან. თავად ფეხბურთელს მკურნალობას ორი ნევროლოგი უტარებს, რომლებიც მუსიალამ და მისმა წარმომადგენლებმა შეარჩიეს. კლუბის ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ბაიერნს საკუთარი ნევროლოგის მიერ ფეხბურთელის გამოკვლევის უფლებაც კი არ აქვს და მხოლოდ მუსიალას ექიმებისგან მიღებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული.
დაძაბულობას ფეხბურთელის ფინანსური პირობებიც ამწვავებს. მუსიალას მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, მისი წლიური ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით 25 მილიონ ევრომდეა. ამ თანხის დიდი ნაწილი ფიქსირებულია და მატჩებში მონაწილეობაზე დამოკიდებული არ არის. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის წარმომადგენლებმა კონტრაქტში ავადმყოფობის გამო ანაზღაურების მიღების ჩვეულებრივზე ხანგრძლივი პერიოდიც შეათანხმეს. ბაიერნის ხელმძღვანელობაში ახლა მიაჩნიათ, რომ შესაძლოა კლუბმა ამ პირობებზე დათანხმებით იზარალა. ული ჰიონესს კი, როგორც ირკვევა, პირად საუბრებში უთქვამს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება ამჟამად ფაქტობრივად ნულის ტოლია.

გამოცემის ცნობით, ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე მუსიალასა და მისი წარმომადგენლების მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის მომხრეები არიან. მათ ფეხბურთელისა და მისი გარემოცვისგან ხელფასის ნაწილის დათმობაც სამართლიან ნაბიჯად მიაჩნიათ, რადგან კლუბი მას მსოფლიო დონის მოთამაშის ანაზღაურებას უხდის, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მისგან სათანადო სარგებელს ვერ იღებს. ამასთან, ბაიერნის ხელმძღვანელობა მუსიალასგან და მისი წარმომადგენლებისგან ახალ მოლაპარაკებებს ითხოვს და ფინანსური პირობების შეცვლის შესაძლებლობასაც განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო შეხვედრაზე ჰიონესმა სპორტული დირექტორი მაქს ებერლიც გააკრიტიკა და საკითხზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უმოქმედობა დასწამა. გამოცემის ინფორმაციით, ჰიონესისა და რუმენიგეს მკაცრ პოზიციას სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი. თავად მუსიალას წარმომადგენლებმა კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა განაცხადეს, რომ ბაიერნის სპორტულ ხელმძღვანელობასთან კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობა აქვთ. კლუბმა კი საკითხზე კომენტარის გაკეთება სამართლებრივი მიზეზების გამო არ ისურვა.












