სუპერლიგის ახალი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. არაერთ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და მაყურებლებმა განვლილ 7 ტურში საინტერესო დაპირისპირებები იხილეს.
მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო გორის ივერიონსაც - გუნდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და მისი ხელმძღვანელობა გიორგი ჩაჩხიანმა გადაიბარა.
ივერიონის მიმდინარე სეზონისა და სამომავლო გეგმების შესახებ La Gazzetta dello Sport Georgia გუნდის მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
- 29 წლის ასაკში სუპერლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდით — ეს შენი კარიერისთვის უდიდესი ნაბიჯია. რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ამ ასაკში ისეთი გუნდის ჩაბარება, როგორიც ივერიონია, და როგორ შეხვდით ამ გამოწვევას? გქონდათ თუ არა გარკვეული მოლოდინი, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტს ასე მალე დაიკავებდით?
ეს ნამდვილად ძალიან დიდი ნაბიჯია ჩემს კარიერაში და, რა თქმა უნდა, დიდ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. მით უმეტეს, რომ ივერიონი მხოლოდ საკალათბურთო გუნდი არ არის — ის ქალაქ გორსაც წარმოადგენს და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია. ამ გამოწვევას საკმაოდ მოტივირებული და თავდაჯერებული შევხვდი. ივერიონში უკვე მეოთხე სეზონია ვმუშაობ. პირველი სამი სეზონის განმავლობაში გუნდის ასისტენტი მწვრთნელი ვიყავი და ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე დიმიტრი ჯაკობოვთან და დავით როგავასთან მუშაობით. ვფიქრობ, ეს სამი სეზონი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება მოლოდინებს, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად ველოდი კიდეც, რომ მიმდინარე სეზონიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი გავხდებოდი. ამ მოლოდინს საფუძვლად ედო განვლილი სამი სეზონის განმავლობაში მიღებული გამოცდილება, გაწეული სამუშაო და, რაც მთავარია, ის ნდობა, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ვიგრძენი.
- გასული სეზონი ივერიონში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში დაასრულე, ახლა კი უკვე თავად ხარ გუნდის მთავარი მწვრთნელი. რამდენად განსხვავებულია ეს ორი პოზიცია ყოველდღიურ სამუშაო პროცესში და რა იყო შენთვის ყველაზე რთული ახალ როლთან ადაპტაციისას?
ეს ორი პოზიცია ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. როდესაც ასისტენტი ხარ, მთავარი მწვრთნელისგან იღებ კონკრეტულ მითითებებსა და დავალებებს და შენი პასუხისმგებლობა მათი შესრულებაა. მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კი პასუხისმგებლობის არეალი გაცილებით ფართოა — უკვე ყველაფერზე გიწევს ფიქრი, მთლიანი პროცესის კონტროლი. შენი პასუხისმგებლობა მხოლოდ კალათბურთით აღარ შემოიფარგლება. შენს დაქვემდებარებაში არიან ადამიანები, რომელთა მუშაობაზე, პროფესიონალიზმსა და საბოლოო შედეგზეც პასუხისმგებელი თავად ხარ. შესაბამისად, გიწევს როგორც სპორტულ, ისე ორგანიზაციულ საკითხებზე ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება ყველაზე რთულ ნაწილს, ალბათ, მოთამაშეებთან ურთიერთობა და მათთან დამოკიდებულებაში პროფესიონალიზმის შენარჩუნებაა. განსაკუთრებით ჩემს შემთხვევაში, როდესაც ახალგაზრდა მწვრთნელი ხარ, მნიშვნელოვანია, მოახერხო იმ ზღვარის დაცვა, რომელიც მთავარ მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის უნდა არსებობდეს.

- ზაფხულში ივერიონში ფაქტობრივად ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყე — შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე კალათბურთელი დარჩა, დანარჩენების დამატება კი თავიდან მოგიწია. რა პრინციპით შეარჩიეთ ახალი მოთამაშეები და რამდენად რთულია მოკლე დროში ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც მოედანზე საერთო ხედვა და სათამაშო იდენტობა ექნება?
მოგეხსენებათ, ზაფხულში გარკვეული ცვლილებები იყო დაფინანსების მიმართულებით, ფედერაციასაც შემოჰქონდა სიახლეები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენთვისაც უცნობი იყო, რა რესურსებისა და შესაძლებლობების ფარგლებში მოგვიწევდა გუნდის დაკომპლექტება. რაც შეეხება ჩემს ხედვას, მინდოდა შემექმნა ახალგაზრდა, ენერგიული გუნდი, სადაც თითოეულ მოთამაშეს ექნებოდა როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარების სურვილი, ისე საერთო მიზნის მიღწევის მოტივაცია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თითოეულ მათგანს მაქსიმუმი გაეკეთებინა გუნდის წარმატებისთვის. რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია, როდესაც გუნდის მშენებლობას ფაქტობრივად ცარიელი ფურცლიდან იწყებ. ამას დრო სჭირდება — მოთამაშეებმა უნდა გაიცნონ ერთმანეთი, დაინახონ თანაგუნდელების ძლიერი მხარეები, გაიგონ, ვის რა შეუძლია და როგორ შეუძლიათ ერთმანეთის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება მოედანზე. აქ უკვე მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იწყება — შეკრას ეს ინდივიდუალური შესაძლებლობები ერთიან გუნდურ სისტემად, დაანახოს მოთამაშეებს საერთო მიზანი და აუხსნას, რა არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად. ვფიქრობ, სწორედ ამ პროცესში ყალიბდება გუნდის სათამაშო იდენტობა და ის ერთიანობა, რომელიც საბოლოოდ მოედანზეც უნდა აისახოს.
- გუნდში ოთხი ლეგიონერია — რამდენად რთულია უცხოელი კალათბურთელების ქართულ ჩემპიონატთან ადაპტაცია?
ზოგადად, ევროპული და ამერიკული კალათბურთის სტილი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. თუ ლეგიონერს უკვე აქვს ევროპაში თამაშის გამოცდილება, ქართულ ჩემპიონატთან ადაპტაცია, როგორც წესი, შედარებით მარტივია, რადგან გარკვეულწილად უკვე იცნობს ევროპულ კალათბურთს, მის სპეციფიკასა და მოთხოვნებს. თუმცა, როდესაც მოთამაშისთვის კოლეჯის შემდეგ ეს პირველი გამოცდილებაა, პროცესი გაცილებით რთულდება. მათ უწევთ ახალ გარემოსთან შეგუება, განსხვავებული როლის მორგება და პროფესიონალური კალათბურთის მოთხოვნებთან ადაპტაცია. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოთამაშის სათამაშო ინტელექტს ,ფსიქოლოგიას , სწავლის უნარსა და იმას, თუ რამდენად სწრაფად ახერხებს მწვრთნელის მოთხოვნების გააზრებას და მოედანზე გადატანას.

- შვიდი ტურის შემდეგ ივერიონს მხოლოდ ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ორი მოიგო. თუმცა, წაგებული შეხვედრების უმეტესობაში გუნდს გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო. როგორ შეაფასებდით სეზონის სტარტს? რა გაკლიათ ამ ეტაპზე გამარჯვებებამდე — გამოცდილება, სტაბილურობა, სათამაშო შეთამაშება თუ სხვა კომპონენტი?
ნამდვილად გეთანხმებით იმაში, რომ იმ შეხვედრებში, რომლებიც დავთმეთ, გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო. როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ვფიქრობ, ამ ეტაპზე გარკვეულწილად გამოცდილება და შეთამაშება დაგვაკლდა. იყო მომენტები, როდესაც თამაშის გადამწყვეტ მონაკვეთებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოვახერხეთ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. მიუხედავად ამისა, სეზონის სტარტს ნორმალურად შევაფასებდი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გუნდში დიდ პოტენციალს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, ვარჯიშების და ყოველდღიური შრომის შედეგად შევძლებთ ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას და გაცილებით უკეთესი შედეგების ჩვენებას.
- და ბოლოს, რა მიზნები აქვს ივერიონს მიმდინარე სეზონში? რამდენად რეალისტურია თქვენი ამბიცია, რომ გორის გუნდი სუპერლიგის ერთ-ერთ კონკურენტუნარიან და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს? პირადად შენთვის კი რას ნიშნავს ეს სეზონი კარიერული თვალსაზრისით და სად ხედავთ საკუთარ თავს რამდენიმე წლის შემდეგ?
წლევანდელი სუპერლიგა საკმაოდ საინტერესო და კონკურენტუნარიანია. ვფიქრობ, ყველა გუნდს აქვს საკუთარი ამბიცია და მოწინავე პოზიციებისთვის ბრძოლა საკმაოდ დაძაბული იქნება. რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი ამოცანა პლეი-ოფში მოხვედრაა. ამის შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყება — პლეი-ოფი სრულიად განსხვავებული ეტაპია, სადაც ორ გუნდს შორის სერია თამაშდება და, ვფიქრობ, იქ ნებისმიერი შედეგია შესაძლებელი. მთავარია მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ. პირადად ჩემთვის ეს სეზონი, პირველ რიგში, დიდი გამოცდილების მიღების, სწავლისა და განვითარების პროცესია. კალათბურთს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს და ვთვლი, რომ ყოველდღიურად ვიზრდები როგორც მწვრთნელი. ეს ხდება მოთამაშეებთან, სამწვრთნელო შტაბთან ურთიერთობით, სხვადასხვა გამოწვევასთან შეჭიდებითა და იმ პასუხისმგებლობებით, რომლებიც ამ პოზიციას ახლავს. რაც შეეხება იმას, თუ სად ვხედავ საკუთარ თავს რამდენიმე წლის შემდეგ, ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ცოტა რთულია. თუმცა, ერთი დიდი სურვილი ნამდვილად მაქვს — მომავალში შესაძლებლობა მომეცეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა. კარგად მესმის, რომ ეს ძალიან დიდი სურვილი, მიზანი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც დიდი შრომა, ცოდნა და მუდმივი განვითარება სჭირდება. ამისთვის მზად ვარ, ბევრი ვიშრომო, საკუთარ თავზე ვიმუშაო და ყოველდღიურად გადავდგა ნაბიჯები განვითარებისკენ.











