სერია ა-ს 11 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ასეთია - ჩემპიონატს ლიდერობს ლაციო, მესამე ადგილზე კი რომა არის. სხვაობა "ჯალოროსისა" და "არწივებს" შორის სულ რაღაც 2 ქულაა, თანაც, ორივე კლუბი ჯერჯერობით წაუგებლად მიდის. პირველად კალჩოს ისტორიაში, "მგლებმაც" და "ბიანკოჩელესტემაც" 11 ტური მარცხის გარეშე ჩაატარეს.
იტალიის დედაქალაქში ფეხბურთი ცოცხალია და სერია ა-ს მაყურებლები უკვე ავლებენ პარალელს 2000-იანი წლების დასაწყისთან, როდესაც სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები სწორედ სტადიო ოლიმპიკოს მკვიდრები იყვნენ. როგორც გვახსოვს, 1999/00-ის სეზონში თასი აღმართა ლაციომ, 1 წლის შემდეგ კი რომამაც.
იმ დროს, როგორც "ჯალოროსი", ისე "არწივებიც" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობით გამოირჩეოდნენ. თავად განსაჯეთ - მარკოს კაფუ, გაბრიელ ბატისტუტა, ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო ნესტა, პაველ ნედვედი, სინიშა მიჰაილოვიჩი და სხვები...ისინი ერთმანეთს მარადიული ქალაქის დერბიში ეომებოდნენ.
"მგლებისა" და "ბიანკოჩელესტეს" თანამედროვე ვერსიები ვერ დაიკვეხნიან ასეთი ხმამაღალი სახელებით, თუმცა ფაქტია, რომ ორივე გუნდმა კალჩოს მიმდინარე სეზონში რაღაც სიახლე შემოიტანა. ოლიმპიკოს მკვიდრთა წარმატების საიდუმლო პირველ რიგში უკავშირდება სპეციალისტებს: ჯან პიერო გასპერინისა და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯენარო გატუზოს.
რომას მწვრთნელის მიმართებაში ყველაფერი გასაგებია - სერია ა-ს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თავკაცი, ვის ხელშიც ახლო წარსულში ბერგამოს ატალანტაც ბრწყინავდა. ლაციოს დამრიგებლის წარმატება კი ნამდვილი ანომალიაა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი კრახით მიმდინარეობდა მისი კარიერა.
იტალიელი მწვრთნელისთვის რომაული გუნდი არის რიგით მე-11 სამუშაო ადგილი და მის გზაზე იყო მხოლოდ ერთი კლუბი, სადაც გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებელი 50-ს მაღლა იყო. ეს მოხდა ნაპოლიში, სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი "რინო" 3 ქულის აღების გარეშე თითქმის ყოველ მე-2 შეხვედრაში რჩებოდა.
ამ ყველაფერს დაუმატეთ ის ფაქტიც, რომ 48 წლის მწვრთნელმა იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანა ვერ მოახერხა. გადის რამდენიმე თვე და რას ვხედავთ? კალჩოს ლიდერობს სწორედ ის თავკაცი, რომელმაც "აძური" მუნდიალის გარეშე დატოვა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "არწივებს" შემადგენლობა პრაქტიკულად არ გაუძლიერებიათ.
ზოგადადაც, უკვე დიდი ხანია, რაც ოლიმპიკოს ბინადრები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით ვერ გამოირჩევიან. "ჯალორისის" ჰყავს პაულო დიბალასა და დონი მალენის წყვილი შეტევაში, მაგრამ რომელი მოთამაშეები უნდა გამოვარჩიოთ გატუზოს გუნდიდან? მატია ძაკანი, ნუნო ტავარეში, კარიერის რეანიმირების პროცესში მყოფი დავიდე ფრატეზი?!
ობიექტურად, ეს არ არის ის შემადგენლობა, რომელიც უნდა გახდეს სერია ა-ს ჩემპიონი, თუმცა ფაქტია, რომ იტალიის საუკეთესო გუნდი ამ მომენტში სწორედ ლაციოა. საინტერესოა, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება "მგლებისა" და მათი მეზობლების წარმატებული სვლა, ისეთი კონკურენტის არსებობის ფონზე, როგორიც მილანის ინტერია...
ოლიმპიკოს ბინადრების გაბრწყინების მიუხედავად, სერია ა-ს ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად მაინც ითვლება "ნერაძური", რომელიც ამ მომენტისთვის მე-2 პოზიციაზეა. ჯუზეპე მეაცას მკვიდრები ნელი ნაბიჯებით მისეირნობენ თავიანთი მიზნისკენ, მაგრამ გასპერინის შეგირდებმა და "არწივებმა" სკუდეტოს მოქმედ მფლობელს უკვე აჩვენეს...ეს გასეირნება მარტივი არ იქნება.










![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)


