18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, როცა 19-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს.
გურჩიანის საფეხბურთო ისტორია საქართველოში არ დაწყებულა. ოთხი წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად საფრანგეთში გადავიდა, სადაც ფეხბურთში პირველი ნაბიჯებიც გადადგა.
თავდაპირველად „ვილნავეში“ თამაშობდა, მოგვიანებით კი კარიერული განვითარება მარმანდში განაგრძო. ათი წლის ასაკში ლუკა საქართველოში დაბრუნდა და ფეხბურთის თამაში სელეროს აკადემიაში გააგრძელა. შემდეგ კი გაგრას აკადემიას შეუერთდა - კლუბს, სადაც ასაკობრივიდან პირველ გუნდამდე დაწინაურდა.
18 წლის ასაკში უკვე გაგრას ძირითადი გუნდის წევრი ხარ და ეროვნულ ლიგაში თამაშობ. რას ნიშნავს შენთვის ეს ეტაპი?
"გაგრა ჩემთვის განსაკუთრებული გუნდია. აქ მინდა პროფესიულად გავიზარდო, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო და გუნდს დავეხმარო. ამ კლუბთან ჩემთვის პირადი ემოციური კავშირიც არსებობს - მამაჩემი აფხაზეთიდანაა და ამიტომ გაგრას სახელს ჩემს ოჯახშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის სიმბოლურია, რომ სწორედ ამ კლუბის აკადემიაში გავიზარდე და დღეს უკვე პირველი გუნდის წევრი ვარ."
თავად გაგრას აკადემიის აღზრდილი ხარ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გარემო შენი განვითარების პროცესში?
“კლუბს საკუთარი აკადემია რომ აქვს, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა. ჩემს განვითარებაში გაგრას აკადემიამ უდიდესი როლი ითამაშა. აქ მომეცა შესაძლებლობა მევარჯიშა, უკეთ გამეცნო საკუთარი შესაძლებლობები და, რაც მთავარია, პირველ გუნდში თამაშის შანსი მიმეღო.”

გურჩიანის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მნიშვნელობა აქვს კლუბისთვის საკუთარ აკადემიას და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის პირველ გუნდამდე რეალური განვითარების გზის შექმნას.
გაგრაში ლუკას დღეს უკვე გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად უწევს ვარჯიში და თამაში. მისი თქმით, სწორედ უფროს თანაგუნდელებთან ყოველდღიური ურთიერთობა და კონკურენტული გარემო ეხმარება პროფესიულ ზრდაში.
პირველ გუნდში გაცილებით გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობ. ვისგან სწავლობ ყველაზე მეტს?
“გუნდში ძალიან მეგობრული გარემოა. ყველა ვცდილობთ, ერთმანეთს მოტივაცია მივცეთ. უფროსი ფეხბურთელებისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩვენი გუნდის კაპიტანს, მათე ცინცაძეს და ზურაბ ჭავჭანიძეს.”
18 წლის ფეხბურთელისთვის მიმდინარე პერიოდი მხოლოდ საკლუბო დონეზე არ ყოფილა მნიშვნელოვანი. გურჩიანი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც გამოიძახეს და 5 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ, სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

როგორი იყო შენთვის საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მაისურით პირველი მატჩის ჩატარება?
“ჩემთვის უდიდესი პატივი და განსაკუთრებული ემოცია იყო საქართველოს ნაკრების ფორმის მორგება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის სახელით ვითამაშე. ამ გამოცდილებამ დამატებითი მოტივაცია მომცა, რომ კიდევ უფრო მეტი ვიშრომო და მომავალში როგორც კლუბის, ისე ქვეყნის სახელით ბევრი გოლი გავიტანო.”
რა არის შენი მთავარი მიზანი უახლოეს მომავალში?
“მინდა, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო, მუდმივად განვვითარდე და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შრომა, გამოცდილების დაგროვება და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც მეძლევა.”











