ოფიციალურად: 2027-2030 წლებში საქართველო „NASCAR-ის“ ევროპის სერიებს უმასპინძლებს.
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სამუშაო ვიზიტით ბელგიაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტთან სანდრო ლომაძესთან და „NASCAR-ის“ ევროპის სერიების პრეზიდენტ ჯერომ გაპლისთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2027 წლიდან 2030-ის ჩათვლით საქართველო „ევრონასკარის“ მასპინძელი იქნება.
2027 წელს ჩატარდება პირველი სატესტო რბოლა, 2028-30 წლებში კი ოფიციალური, კალენდარული ეტაპები გაიმართება. „ევრონასკარის“ სერიების საქართველოში ჩატარების შესახებ „NASCAR-ის“ ევროპის სერიების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის მარტში, სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

„ევრონასკარის“ 2026 წლის ჩემპიონები ქართველი მრბოლელები - სანდრო თავართქილაძე და დავით ქაჯაია - გახდნენ. სანდრო თავართქილაძემ გამარჯვება „მასტერსის” კლასში მოიპოვა, დავით ქაჯაიამ კი „ჩელენჯერ თროფიში”. ევროპული „ნასკარის“ სერიები სეზონზე 12 რბოლას მოიცავს. ტურნირის ჩემპიონებს კი 12-ვე რბოლის შედეგად დაგროვებული ქულებით ავლენენ.
საქართველო 2026 წლის „ევრონასკარზე“ ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. ქართველი მრბოლელები - სანდრო თავართქილაძე და სანდრო ქაჯაია - ნიდერლანდური გუნდის, „Bleekemolen”-ის, შემადგენლობაში ასპარეზობდნენ. მრბოლელები ევროპის სერიებზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. სანდრო ქაჯაიამ NASCAR EURO SERIES-ის ბელგიის ფინალური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, რვა ეტაპის ჯამში კი „როკი ჩელენჯის“ ვიცე-ჩემპიონი გახდა.
„NASCAR“-ის ევროპის სერიებზე კერძო სპონსორების მხარდაჭერით იმყოფებოდა ქართული გუნდი „კოლხი”. „კოლხის” შემადგენლობაში დავით ქაჯაია და მარიამ დავითაძე არიან. მარიამ დავითიძე „ლედი ჩელენჯის” კლასს წარმოადგენდა.
„NASCAR-ის“ ევროპის სერიები 2008 წელს დაარსდა და მასში მონაწილეობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან პროფესიონალი ავტომრბოლელები. ქართველი სპორტსმენები „ევრონასკარზე" საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წელს პირველად ასპარეზობდნენ.












